Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა მხარი დაუჭირა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს შესახებ სადავო მემორანდუმის გასაჯაროებას


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ქმედებების ამსახველი სადავო მემორანდუმის გასაჯაროებას, რაც მწვანე შუქს უნთებს კონგრესმენებს, რომელთაც მისი გამოქვეყნება სურთ. მემორანდუმი რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა მოამზადეს და მასში საუბარია ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სავარაუდო, უკანონო ქმედებებზე დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შესაძლო კავშირების გამოძიებისას. არაოფიციალური ინფორმაციით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიურო სასამართლოსგან ითხოვდა სანქციას ტრამპის მრჩევლის, კარტერ პეიჯის თვალთვალის მიზნით, თუმცა, სასამართლოს არ შეატყობინა, რომ სანქციის მოთხოვნის ერთ-ერთი საფუძველი იყო მონაცემები ე.წ. ტრამპის დოსიედან, რომელიც ნაწილობრივ დააფინანსა ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბმა. რესპუბლიკელების მიერ მომზადებული საიდუმლო მემორანდუმის საჯაროდ გამოქვეყნებას ეწინააღმდეგებიან დემოკრატები. მათი განცხადებით, დოკუმენტი შეიცავს სპეცსამსახურების მუშაობის პოლიტიზების სახიფათო ნიშნებს. მემორანდუმის გამოქვეყნებას ეწინააღმდეგებიან აშშ-ის გენერალური პროკურატურა და ფედერალური საგამოძიებო ბიუროც. მათი შეფასებით, დოკუმენტი ზუსტად არ ასახავს მოვლენებს და მისმა გასაჯაროებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სადაზვერვო მონაცემების და მათი მოპოვების მეთოდების გამჟღავნება.

XS
SM
MD
LG