Accessibility links

გამოძიება ვარაუდობს, რომ თავდამსხმელი იცნობდა დოდო გუგეშაშვილს


დოდო გუგეშაშვილი

სამართალდამცავთა ინფორმაციით, თავდამსხმელი სავარაუდოდ, იცნობდა დოდო გუგეშაშვილს და მის ვაჟს. „პირველადი მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ მკვლელი სავარაუდოდ, იცნობდა ოჯახის წევრებს“ - განუცხადა ჟურნალისტებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ. მისი განმარტებით, ვარაუდის საფუძველია შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ოპერატიული ანალიზი. მამუკა ჭელიძემ აღნიშნა, რომ ოპერატიული მიზანშეწონილობიდან და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებს, მათ შორის დანაშაულის სავარაუდო მოტივის შესახებ. გასული საუკუნის 90-იან წლებში მოქმედი გასამხედროებული ორგანიზაციის, „მხედრიონის“ წევრს, დოდო გუგეშაშვილს და მის ვაჟს თავს 7 თებერვალს დაესხნენ, დიღმის მასივში, მათ საცხოვრებელ ბინაში. შსს-ს ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა დედა-შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დოდო გუგეშაშვილის ვაჟი ადგილზე გარდაიცვალა, თავად კი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს. საქმეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. „ვერსიებზე საუბარი მიჭირს, თუმცა ყაჩაღობას გამოვრიცხავ” - განუცხადა 7 თებერვალს, ჟურნალისტებს დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა, კაკო ვაშაკიძემ. მისი თქმით, ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა და ყაჩაღობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG