Accessibility links

"ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადებას


რომან გოცირიძე

საპარლამენტო ფრაქციამ, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მიმართა, დაიწყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სრული შემადგენლობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. 7 თებერვალს, პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას, ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში საბიუჯეტო პროცესი მოშლილია, რაც შეიძლება გახდეს უნდობლობის გამოცხადების საფუძველი. რომან გოცირიძის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეო საბჭო “სრულიად დეგრადირებული ორგანიზაცია,“ რომელსაც არ შესწევს უნარი შეასრულოს თავისი ფუნქცია. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ისაუბრა სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი იაკობაშვილის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ სტატუსზეც, რომელმაც მედიაორგანიზაციების პროტესტი გამოიწვია. რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს “რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ“ მიმართა, გამოხატოს პოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეული ერთი-ერთი წევრის მხრიდან მედია და არსამთავრობო ორგანიზაციების შეურაცხყოფის მიმართ. გოცირიძის თქმით, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ ემიჯნება პარლამენტის გადაწყვეტილებას საბჭოს ამ წევრის არჩევის შესახებ და სოლიდარობას უცხადებს “რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას” და „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.“

XS
SM
MD
LG