Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი აზერბაიჯანს რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს


ევროკავშირი აზერბაიჯანს მოუწოდებს გაატაროს რეფორმები არჩევნების, შეკრების თავისუფლების და მედიის სფეროებში, ამ ქვეყანაში აპრილში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, "ევროკავშირი ყოველთვის ხაზს უსვამდა და ახლაც ამბობს, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია აზერბაიჯანმა სრულად განახორციელოს საერთაშორისო ვალდებულებები და დაპირებებიო". მოგერინი ამ განცხადებებით გამოვიდა ბრიუსელში, 9 თებერვალს, ევროკავშირ-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელსაც ესწრებოდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელდარ მამადიაროვი. რადიო თავისუფლებას ბრიუსელიდან წყაროებმა აცნობეს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე წამოჭრეს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რამდენიმე ცალკეული შემთხვევა, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ილგარ მამადოვის საქმე, რომელიც 2014 წლიდან აზერბაიჯანში პატიმრობაში იმყოფება. გასული წლის ბოლოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დაიწყო აზერბაიჯანისთვის სანქციების დაწესების პროცედურა, რადგან აზერბაიჯანმა არ გაითვალისწინა ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ბაქომ დაარღვია მამადოვის ადამიანის უფლებები.

XS
SM
MD
LG