Accessibility links

დავით სერგეენკო: ტყვიის მაღალი შეცველობის გამო ადამიანებს იშვიათად სჭირდებათ მკურნალობა


ტყვიის შემცველობის პრობლემასთან დაკავშირებით ტარდება დიდი კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად და ეს კვლევა სრულ სურათს გამოავლენს - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 12 თებერვალს, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტში გამართულ მოსმენაზე. მისი თქმით, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში შესაძლებელი იქნება საუბარი მიმდინარე წლის კონკრეტული გეგმაზე, ტყვიის შემცველობის პრობლემასთან მიმართებით. „შარშან იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ნიუ-იორკის შესაბამისმა სამსახურმა აღმოაჩინა ტყვიის მაღალი შემცველობა სუნელებში და ასე შემდეგ. მერე აღმოჩნდა, რომ ეს იყო შეტანილი და ასე შემდეგ. მინდა დაგიდასტუროთ, რომ მთავრობის წინა სხდომაზე სურსათის უვნებლობის სამსახურმა შემოიღო ახალი რეგულაცია, რომელიც გავრცელების წყაროს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. სამწუხაროდ, ხანდახან იყენებდნენ საყოფაცხოვრებო საღებავს პროდუქტების შესაღებად და სწორედ ამ საღებავში იყო ტყვიის მაღალი შემცველობა“ - განაცხადა დავით სერგეენკომ. საკომიტეტო სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს დაუსვეს შეკითხვა იმ პაციენტების მკურნალობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომელთა ორგანიზმშიც აღმოჩენილია ტყვიის მაღალი კონცენტრაცია. დავით სერგეენკოს თქმით, პრობლემის აღმოჩენის დროს, თავდაპირველ აუცილებლობას წარმოადგენს გარემოში არსებული პოტენციური ფაქტორების მოცილება, ხოლო მხოლოდ ამის შემდეგ არის ლაპარაკი მედიკამენტოზურ მკურნალობაზე. „რამდენადაც მე ვიცი, მსოფლიოში (მკურნალობა) ჩატარებულა ძალიან მცირე რაოდებობით, რადგანაც ამის საჭიროება, რეალურად, ძალიან იშვიათად დგება ხოლმე. ამისათვის უნდა იყოს ძალიან მაღალი კონცენტრაცია“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG