Accessibility links

ირაკლი სესიაშვილი: „სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება“


ირაკლი სესიაშვილი

„მიხეილ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება - ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც ვერ აზუსტებს როდის და როგორ მოხდება ეს. „ადამიანს, რომელსაც პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში ჰქონდა ცხრაწლიანი დიქტატურა, ტოტალური კონტროლი და მიუხედავად ამისა, მან არჩევნები წააგო; ადამიანი, რომელიც წავიდა უკრაინაში და მესიის ამბიციები ჰქონდა, სულ რაღაც რამდენიმე წელში იქიდან გააგდეს. მე, უბრალოდ, არ მინდა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ასეთი იმიჯი ჰქონდეს. ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება, ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი. თუ როგორ, რანაირად ეს დროის ფაქტორია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნის იმიჯი უფრო მაინტერესებს, ვიდრე ერთი ადამიანის, ან ერთი პოლიტიკოსის ბედი“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ კი დააზუსტა, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებული თემა აქტუალურია და დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. „საქართველო მიმართავს ნებისმიერ ქვეყანას, სადაც სააკაშვილი იქნება“, - განაცხადა დეპუტატმა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს.

XS
SM
MD
LG