Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან იზორია: უმნიშვნელოვანესია ამერიკა-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა


ლევან იზორია
ლევან იზორია

„საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას“, რომელიც სრულად შეესაბამება ნატოს განახლებულ შეკავების პოლიტიკას, „ამბიციური“უწოდა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, 13 თებერვალს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე. მისი თქმით, ამერიკელი პარტნიორების დახმარებით, მაისში დასრულდება საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობა და ქართველი ჯარისკაცები, წვრთნასთან ერთად, ნატოს სტანდარტებით აღიჭურვებიან.

„მაისიდან ცხრა ქვეით ბატალიონს ექნება შესაძლებლობა სამთვიანი მომზადების კურსები მთელი სამი წლის განმავლობაში გაიარონ ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორებთან ერთად. თუკი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უწინ წვრთნებითა და სწავლებებით განსაკუთრებით საერთაშორისო მისიების ფარგლებში ამოცანების განსახორციელებლად ვემზადებოდით, ისტორიულია წელს ის ფაქტი, რომ ეს სწავლებები დაკავშირებული იქნება უკვე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებიდან მისიების შესრულებასთან. ამ პროგრამის ფარგლებში ცხრა სამანევრო ბატალიონი მიიღებს ნატოს შესაბამის აღჭურვილობას“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის თქმით, „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ ფარგლებში, 2017-2018 წლების გეგმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს გამოყოფილი აქვს დაახლოებით 117 მილიონი დოლარი. „გასულ წელს მივიღეთ ასეულობით ტყვიამფრქვევი, მივიღეთ ათასობით ავტომატი უკვე წელს. სხვა დეტალებზე ვერ მოგახსენებთ, რადგანაც ეს გარკვეულწილად საიდუმლოების შემცველი ინფორმაციებია. ეს პროცესი კვლავაც გრძელდება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. თავდაცვის მინისტრის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანამშრომლობა „თვისებრივად ახალ ეტაპზე“ გადავიდა და ამის მკაფიო მაგალითია საქართველოსთვის ჯაველინის (Javelin) სისტემის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიყიდვის ფაქტი.

„ჩვენ ათი წლის განმავლობაში ვითხოვდით „ჯაველინების“ შეძენას. არ მინდა საჯაროდ ვთქვა, მაგრამ არსებობდა გარკვეული გარემოებები, რის გამოც, ყოველ ჯერზე, როდესაც ეს საკითხი იყო დაყენებული, უარი ითქვა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ლევან იზორიას თქმით, 2018 წელს საქართველომ უკვე შეიძინა გეგმით გათვალისწინებულის ნახევარზე მეტი და კვლავაც გაგრძელდება ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჯაველინის (Javelin) სისტემის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების შესყიდვის პროცესი.

XS
SM
MD
LG