Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი რუსეთს ადანაშაულებს 2017 წელს მომხდარ "მავნებლურ" კიბერშეტევაში


ბრიტანეთი რუსეთს სდებს ბრალს გასულ ზაფხულს მომხდარ კიბერშეტევაში, რომელმაც ევროპის მასშტაბით შეაფერხა კომპანიების მუშაობა და რუსეთს აფრთხილებს, რომ დასავლეთი არ მოითმენს ამგვარ "მავნებლურ" ნაბიჯებს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 თებერვალს განაცხადა, რომ შეტევაზე "რუსეთის მთავრობა, კონკრეტულად კი რუსეთის არმიაა" პასუხისმგებელი. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გევინ უილიამსონმა თქვა, რუსეთი "წესების წიგნს ხევს" და ლონდონის მოვალეობაა ამას უპასუხოსო. უილიამსონმა რუსეთს ბრალი დასდო "დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებით ადამიანთა ცხოვრების წესის დანგრევაში და ინფორმაციის იარაღად გადაქცევაში". მან დასავლეთი გააფრთხილა, რომ ის ომის ახალი ეპოქის წინაშეა, რომელშიც "ერთმანეთს დამანგრევლად და სახიფათოდ ერწყმის ჩვეულებრივი სამხედრო ძალა და მავნებლური კიბერთავდასხმები". რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა უარყო ბრიტანეთის ბრალდებები, მათ უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ ისინი ნაწილია "რუსოფობიული" კამპანიისა, რომელსაც დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა აწარმოებს. კიბერთავდასხმა, რომელიც ცნობილია სახელით "NotPetya", დაიწყო უკრაინაში, სადაც მან მთავრობის და ბიზნესების კომპიუტერები დაბლოკა, შემდეგ კი შეტევა ევროპაში და სხვაგანაც გავრცელდა. იუწყებიან, რომ შეტევის გამო კომპანიებმა 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს.

XS
SM
MD
LG