Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენში იწყება უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი

დღეს მიუნხენში იხსნება უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია, რომლის დღის წესრიგის მთავარ საკითხებს შორისაა ევროკავშირის, როგორც გლობალური მოთამაშის როლი და მისი დამოკიდებულება რუსეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. განსახილველ თემებს შორისაა ასევე, საერთაშორისო ლიბერალური წესრიგისათვის ხელის შემშლელი მზარდი საფრთხეები, კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში - განსაკუთრებით სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაუარესება და იარაღის კონტროლი, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. მსოფლიოს ლიდერები სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ გლობალურ გამოწვევებზე, საერთაშორისო საფრთხეებსა და მათი მოგვარების გზებზე.

კონფერენციაზე მიწვეულია ასობით სტუმარი, მათ შორის, გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში, ევროპის კომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციას დაესწრებიან ასევე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და სხვები.

საქართველოს დელეგაციას მიუნხენის 54-ე კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან ჯეიმს მატისთან, ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოვებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან. კონფერენციის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

მიუნხენის კონფერენციის თანაორგანიზებით გაიმართება სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება „ქართული პოლიტიკა და ლიტერატურა". საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე.

XS
SM
MD
LG