Accessibility links

დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი: „რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს“


20 თებერვალს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა მოუსმინეს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს, დავით სუჯაშვილს, რომელიც პირველად წარსდგა ანგარიშით მეცხრე მოწვევის პარლამენტის წინაშე.

„რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ცხადია, საფრთხეს წარმოადგენს“ - განაცხადა სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა. ხოლო შეკითხვაზე, არის თუ არა საფრთხის მომტან ქვეყნებს შორის თურქეთი, სუჯაშვილმა აღნიშნა, რომ „თურქეთი საქართველოს პარტნიორი ქვეყანაა“.

დავით სუჯაშვილმა ასევე თქვა, რომ სავიზო ლიბერალიზაციის კონტექსტში, საქართველოს დაზვერვის სამსახურს პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს: „ჩვენი სამსახური მუშაობს იმისათვის, რომ პრევენციული ღონისძიებები გატარდეს“, - აღნიშნა მან.

დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან დეპუტატების შეხვედრა სამ საათზე დიდხანს, დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. ოპოზიციის შეკითხვები შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა, მაგალითად, საგარეო დაზვერვის მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან ის, თუ როგორ დგინდება მოსალოდნელი საფრთხეები. თუმცა, შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატების ერთი ნაწილი ოპოზიციიდან, აცხადებდა, რომ მიუხედავად ამ სასარგებლო შეხვედრისა, მათ მაინც ვერ მიიღეს ამომწურავი პასუხები. „ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ“ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრიც დაიბარა.

„აუცილებელია, უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში მოვიწვიოთ ის თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საფრთხეების განეიტრალებაზე. პირველ რიგში კი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი გახარია“, - უთხრა მედიას სალომე სამადაშვილმა, რომლის თქმით, მან ვერ მოისმინა პასუხი კითხვაზე, რამდენად უკმკლავდება საქართველოს სახელმწიფო მის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

„ჩვენს რეგიონში დიდი სახელმწიფოების ინტერესები იკვეთება, ამიტომ ჩვენ ისეთი სწორი პოლიტიკა უნდა გვქონდეს, რომლითაც ჩვენს ქვეყანას დავიცავთ“, - ეს განცხადება კი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.

XS
SM
MD
LG