Accessibility links

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აბსურდი უწოდა ბრალდებას მედიაზე ხელისუფლების ზეწოლის შესახებ


გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვერავინ შეეხება მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია. 21 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა ბოლო დღეებში გავრცელებულ ცნობებს, რომ ხელისუფლება ცდილობს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას, რასაც მისი თქმით, არაჯანსაღი აჟიოტაჟი მოჰყვა. „ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი ტიპის ბრალდებები სრული აბსურდია. გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი რამ ხდებოდეს. ასევე გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკუთარი ბიზნესი ვინმემ გამოიყენოს ხელისუფლების შანტაჟის იარაღად და ჩვენ დავრწმუნდით, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, მედიაზე ზეწოლის შესახებ ბრალდებას ვერ მიიღებს ხელისუფლება, რომელმაც მოიტანა ის, რომ პრაქტიკულად, დღეები სჭირდება ახალი ტელევიზიის დარეგისტრირებას და ფუნქციონირების დაწყებას. 20 თებერვალს, „იბერიის“ ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ტელეკომპანიის მთავარი დამფინანსებელი, „ომეგა ჯგუფი“ დემპინგის მსხვერპლია, რაც „იბერიას“ უქმნის სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს. ჟურნალისტების ვარაუდით, მსგავსი ქმედება მიზნად ისახავს იმას, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით. ჟურნალისტებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, აღკვეთოს „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები. მანამდე, 20 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით, ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელზე „რეკეტს ახორციელებენ“ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

XS
SM
MD
LG