Accessibility links

გაეროს გენერალურმა მდივანმა მოითხოვა სირიაში ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული სამართლის დაცვა


ანტონიუ გუტერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა სირიის აღმოსავლეთ ღუტის რაიონში ძალადობის ესკალაციის გამო. გუტერეშის ინფორმაციით, საჰაერო და საარტილერიო იერიშების შედეგად, 19 თებერვლის შემდეგ დაიღუპა ასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 13 ბავშვი. გაეროს გენერალურმა მდივანმა კატასტროფული უწოდა სირიის ამ რაიონში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობას. ამასთან, სირიელი უფლებადამცველების ინფორმაციით, ბოლო სამ დღეში დაიღუპა ორასზე მეტი ადამიანი. პრეზიდენტ ასადის მოწინააღმდეგე შეიარაღებული მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ ღუტის რაიონს სამთავრობო ძალები უტევენ. გაეროს მონაცემებით, ამ რაიონში 400 ათასამდე ადამიანია დარჩენილი. გენერალური მდივნის განცხადებით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სასწრაფო ევაკუაცია სჭირდება 700-მდე ადამიანს. ანტონიუ გუტერეშის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ღუტის რაიონში სურსათის დეფიციტია. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა ისიც, რომ სამთავრობო ძალების ალყაში მყოფი ამ რაიონიდან მიმდინარეობს სირიის დედაქალაქის დაცხრილვაც. გუტერეშმა კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეახსენა, რომ ასტანაში, 2017 წელს მიღწეული შეთანხმებით, აღმოსავლეთ ღუტა გამოცხადებულია დეესკალაციის ზონად. გაეროს გენერალურმა მდივანმა კონფლიქტთან კავშირის მქონე ყველა მხარეს მოუწოდა, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და წინაპირობების გარეშე უზრუნველყონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დაცვა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის შეუფერხებელი წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე და დაჭრილების ევაკუაცია.

XS
SM
MD
LG