Accessibility links

საპარლამენტო უმცირესობა კვლავ მოითხოვს კომისიის შექმნას "მუხთარლის საქმის" გამოსაძიებლად


ელენე ხოშტარია

საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრებმა კოლეგებს მოუწოდეს, მხარი დაუჭირონ „მუხთარლის საქმის“ გამოსაძიებლად დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას. 21 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ფრაქციის, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიებისადმი ოპოზიციისა და მმართველი ძალის ნდობის ხარისხი სხვადასხვაა, ამიტომ პასუხისმგებლობა პარლამენტმა უნდა აიღოს. ელენე ხოშტარიას თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა რამდენიმე თვის წინ დააყენა, თუმცა, ეს არის არა პარტიული, არამედ ქვეყნის იმიჯის, საერთაშორისო პრესტიჟის და ადამიანის უფლებებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი და პარლამენტის ჯერია, აიღოს პასუხისმგებლობა და შეამციროს ზიანი. ელენე ხოშტარიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობას უფლება აქვს ენდობოდეს სამართალდამცავთა გამოძიებას და ნაკლები ეჭვი ჰქონდეს, მაგრამ აღარ არსებობს არცერთი საღი არგუმენტი, მას შემდეგ, რაც 8 თვის განმავლობაში გამოძიებას პასუხი არ გაუცია არცერთი შეკითხვისთვის და ჩნდება სულ უფრო მეტი შეკითხვა. „კითხვები, რომელსაც სვამს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროპარლამენტი და კონკრეტული ბრალდებები ქვეყნის წინაშე. პრემიერ-მინისტრი არის ჩვენი, ყველას პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის პრესტიჟის საქმეა, რომ არ იყოს ბრალდებული ასეთ მძიმე დანაშაულში კონკრეტული გარემოებების მითითებით, რაც ჩვენ მოვისმინეთ მუხთარლისგან“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. მან დეპუტატებს შეახსენა, რომ პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდა 30-ზე მეტმა, ავტორიტეტიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამაც.

XS
SM
MD
LG