Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სასამართლომ სანქცია მოუხსნა უკრაინის ექს-პრეზიდენტთან დაახლოებულ ბიზნესმენს


სერგეი კლიუევი
სერგეი კლიუევი

ევროკავშირის სასამართლომ სანქციები მოუხსნა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის თანაგუნდელს, ბიზნესმენ სერგეი კლიუევს. მისი სარჩელი ლუქსემბურგში განიხილა ევროკავშირის სასამართლომ, რომელმაც 21 თებერვალს გადაწყვიტა, გაუქმდეს ევროკავშირის საბჭოს მიერ კლიუევისთვის 2017 წლის მარტში, ერთი წლით გაგრძელებული სანქციები. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე წარმოდგენილი ფაქტები საკმარისი არ არის სანქციების შესანარჩუნებლად. ამასთან, ევროკავშირის საბჭოს ორი თვის განმავლობაში შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბრიუსელიდან 20 თებერვალს იუწყებოდა, რომ ევროკავშირი აპირებს სანქციები მოუხსნას უკრაინის ექს-პრეზდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ორ თანაგუნდელს, პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, სერგეი კლიუევს და იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ოლენა ლუკაშს. ისინი იანუკოვიჩთან და კიდევ ათზე მეტ პირთან ერთად 2014 წლიდან აღმოჩნდნენ ნუსხაში იმ პირებისა, რომელთა წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში სავარაუდო მონაწილეობისთვის. ბიზნესმენი სერგეი კლიუევი, რომელიც უკრაინის პარლამენტში წარმოადგენდა იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიას,“ ნომინალურად ფლობდა კიევის მახლობლად მდებარე, ვიქტორ იანუკოვიჩის რეზიდენციას. უკრაინიდან იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგ, რეზიდენცია უკრაინელებისთვის ხელმისაწვდომი გახდა და ყოფილი პრეზიდენტის გემოვნების და კორუფციის სიმბოლოდ იქცა. კლიუევმა უკრაინა მას შემდეგ დატოვა, რაც 2015 წელს, პარლამენტმა ჩამოართვა დეპუტატის იმუნიტეტი.

XS
SM
MD
LG