საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები მაუწყებლობის კანონში 2017 წლის დეკემბრის ბოლოს შეტანილ ცვლილებებზე. 21 თებერვლის სხდომაზე, პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი დაუჭირა პარლამენტის მხოლოდ 13-მა წევრმა. წინააღმდეგი იყო 75 დეპუტატი. ამ პროცედურის შემდეგ პარლამენტმა კენჭი უყარა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და გადაწყვეტილება 83 ხმით მიიღო. გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ 22 დეკემბერს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო 15 იანვარს დაადო. ძირითადი ცვლილება, რომელსაც ეწინააღმდეგებიან მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, საპარლამენტო ოპოზიცია და პრეზიდენტი, საზოგადოებრივ მაუწყებელს უზრდის კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობას. ცვლილებების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მრავალმილიონიანი დაფინანსების მქონე საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეკლამის განთავსების უფლების გაფართოება დააზარალებს კერძო ტელეკომპანიებს.
ყველაზე პოპულარული
1