Accessibility links

ტრამპი: მასწავლებლების შეიარაღებამ შესაძლოა "მყისიერად" დაასრულოს სკოლებში მკვლელობები


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სკოლებში ზოგიერთი მასწავლებლის შეიარაღებამ შესაძლოა აღკვეთოს მასობრივი მკვლელობები, როგორმაც, მაგალითად, გასულ კვირაში ფლორიდის სკოლაში 17 ადამიანი იმსხვერპლა. 22 თებერვალს ტვიტერით გავრცელებულ მესიჯებში ტრამპი ამბობს, რომ იარაღი მხოლოდ იმ მასწავლებლებს დაურიგდებოდათ, ვისაც სამხედრო ან საგანგებო წვრთნა აქვს გავლილი და დასძენს, ამას შესაძლოა "მყისიერად" გადაეჭრა სკოლებში მკვლელობების პრობლემაო. ტრამპის ამ განცხადებების ფონია მზარდი აღშფოთება და პროტესტი სტუდენტების, მასწავლებლების და სხვა მოქალაქეების რიგებში, აშშ-ში იარაღის ხელმისაწვდომობის თაობაზე. იმ სკოლის მოსწავლეები, რომელშიც 14 თებერვალს თავდასხმა მოხდა, სათავეში ჩაუდგნენ იარაღის საწინააღმდეგო მოძრაობის ახალ ტალღას და კანონმდებლებს მოუწოდებენ გაამკაცრონ კანონები იარაღის შეძენასა და ფლობაზე. 21 თებერვალს, თეთრ სახლში გაიმართა ამ საკითხზე ე.წ. "მოსმენის" სეანსი, მასში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, სტუდენტები და მასწავლებლები, რომლებსაც იარაღით ძალადობა შეეხო. ტრამპმა ამ შეხვედრაზე გამოთქვა წინადადება, რომ მასობრივი მკვლელობების პრევენციის გზა შესაძლოა იყოს სკოლებში მასწავლებლების, მწვრთნელების, დარაჯების და სხვების შეიარაღება. "თუ გყავთ მასწავლებელი, რომელიც იარაღს კარგად იყენებს, ისინი შეძლებდნენ სწრაფად დაესრულებინათ თავდასხმაო", განაცხადა ტრამპმა, რომელსაც ძლიერი მხარდაჭერა აქვს მიღებული იარაღის ეროვნული ასოციაციის, იგივე NRA-ს მხრიდან. მასწავლებლების შეიარაღების იდეა წარსულშიც გაისმა, თუმცა ის მწვავე კრიტიკას აწყდებოდა მასწავლებლების, სტუდენტების და მშობლების მხრიდან, რომლებიც, ამის ნაცვლად, იარაღის ფლობაზე კანონების გამკაცრებას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, ფლორიდაში მასობრივი მკვლელობა განახორციელა 19 წლის ყოფილმა მოსწავლემ, რომელმაც კანონიერად შეიძინა AR-15 ტიპის ნახევრადავტომატური იარაღი.

XS
SM
MD
LG