Accessibility links

25 თებერვალს გადაწყდება ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიისთვის რუსეთის სტატუსი


რუსეთი ელოდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, ექნება თუ არა მის დელეგაციას უფლება მისი დროშით ჩაიაროს 25 თებერვალს, ზამთრის თამაშების დახურვის ცერემონიაზე პიონჩანში, სამხრეთ კორეაში - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ორმა ათლეტმა ვერ გაიარა დოპინგის ტესტი. ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთს აუკრძალა პინოჩანის თამაშებში მონაწილეობა - კომიტეტი აცხადებდა, რომ ამის მიზეზი იყო სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებული, სისტემური დოპინგის პრაქტიკა სოჭის 2014 წლის თამაშებზე. თუმცა, მოგვიანებით, კომიტეტმა 168 რუს ათლეტს პინოჩანის თამაშებში მონაწილეობის უფლება დართო, სტატუსით "ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან" და ოლიმპიური დროშით. არსებობდა ვარაუდი, რომ საერთაშორისო კომიტეტი დახურვის ცერემონიაზე აღადგენდა რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს, მას შემდეგაც კი, როცა კერლინგში ბრინჯაოს მედალოსან ალექსანდრ კრუშელნიცკის მედალი ჩამოერთვა, დოპინგის სინჯში აკრძალული პრეპარატის, მელდონიუმის კვალის აღმოჩენის გამო. მაგრამ რუსეთის იმედი მნიშვნელოვნად შესუსტდა მას შემდეგ, რაც დოპინგის ტესტი ვერ გაიარა კიდევ ერთმა რუსმა სპორტსმენმა, ნადეჟდა სერგეევამ, რომელიც ბობსლეის სახეობაში ასპარეზობდა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ 24 თებერვალს გამართა შეხვედრა, რომელმაც დაგეგმილი ორი საათის ნაცვლად სამსაათნახევარს გასტანა, და 25 თებერვალს კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს.

XS
SM
MD
LG