Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ითხოვენ მოსამართლეზე სავარაუდო ზეწოლის შესწავლას


იუსტიციის უმაღლესი საბჭო
იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს მიმართა, შეისწავლოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეზე, ირაკლი შავაძეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ კი პროკურატურას მოუწოდა, მყისიერად დაიწყოს გამოძიება. დოლიძის თქმით, მოსამართლე შავაძის განცხადებები მოიცავს ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა, დაექვემდებაროს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლს - დანაშაულს სასამართლო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ. 23 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი შავაძემ აჭარის ტელევიზიას განუცხადა, რომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლას ახორციელებს, მოსამართლის საქმიანობაში ჩარევას ცდილობს და პროკურატურასთან შეთანხმებით, მის წინააღმდეგ დაიწყო მიზანმიმართული დისციპლინური დევნა. შავაძემ ეჭვი გამოთქვა, რომ იუსტიციის საბჭომ მოსამართლედ უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა სწორედ მამისეიშვილთან დაპირისპირების გამო. 25 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, დავით მამისეიშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას კატეგორიულად უარყო ირაკლი შავაძეზე ზეწოლა. მამისეიშვილის განცხადებით, შავაძე გაბრაზებულია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ უვადოდ არ განაწესა და ამ ფორმით ცდილობს თავისი წარუმატებლობის გამართლებას.

XS
SM
MD
LG