Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი დამნაშავედ ცნო სამოხელეო დანაშაულში


გიგი უგულავა
გიგი უგულავა

საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და 1 წლით და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, საქალაქო სასამართლოს მიერ 28 თებერვალს გამოტანილი განაჩენი შთანთქა უგულავას მიმართ სისხლის სამართლის სხვა საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენმა და მას სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა. პროკურატურა გიგი უგულავას ბრალს სდებს „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში, რაც საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა და განაჩენი გამოიტანა შედარებით მსუბუქი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. ამავე საქმეზე სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები, დავით ალავიძე, ალექსი თაბუაშვილი და დავით ავალიანი და თითოეულს შეუფარდა 1 წლით და 2 თვით პირობითი მსჯავრი. დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო მხოლოდ „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე და მას დაუსწრებლად შეუფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბანაძემ საქართველო 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა. თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა 2017 წლის 6 იანვარს, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის მუხლით საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წელს შეფარდებული, ოთხნახევარწლიანი საპატიმრო სასჯელი 1,3 წლით პატიმრობამდე შეუმცირა და დამნაშავედ ცნო არა გაფლანგვის, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

XS
SM
MD
LG