Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობას ტოვებს თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი


ჰოუპ ჰიკსი
ჰოუპ ჰიკსი

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორი, 29 წლის ჰოუპ ჰიკსი. თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა ჰიკსის გადადგომის მიზეზი არ დაასახელა, თუმცა, უარყო ვარაუდი, რომ ეს უკავშირდება ჩვენებას, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე ჰოუპ ჰიკსმა მისცა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საქმეთა კომიტეტს. ამერიკული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ჰიკსმა არ უპასუხა კონგრესმენების შეკითხვების უდიდეს ნაწილს, თუმცა, აღიარა, რომ სამუშაოდან გამომდინარე, ხანდახან უწევდა უწყინარი ტყუილის თქმა. შეკითხვას, ვისგან ჰქონდა მსგავსი მითითება, ჰიკსმა არ უპასუხა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ წინასწარი განზრახვით არასდროს გაუკეთებია ცრუ განცხადება არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებაზე. ამერიკული მედიასაშუალებები ყოფილ მოდელს, ჰოუპ ჰიკსს უწოდებენ დონალდ ტრამპთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ და ერთგულ თანაშემწეს. მან 2017 წლის ივლისში დაიკავა თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობა, მანამდე კი ტრამპის საარჩევნო შტაბის პრესმდივანი იყო.

XS
SM
MD
LG