Accessibility links

ბალკანეთში ვიზიტი დაასრულა ევროკომისიის პრეზიდენტმა


ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა დაასრულა ვიზიტი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, რომლის დროსაც ექვსი სახელმწიფოს ლიდერებს მოუწოდა დააჩქარონ რეფორმები. "ამ ქვეყნებს აქვთ ნება გაატარონ რეფორმები, რომლებიც ევროკავშირში გასაწევრიანებლადაა საჭირო" - უთხრა იუნკერმა ბულგარეთის დედაქალას სოფიაში შეკრებილ ლიდერებს, 1 მარტს. შეხვედრას მასპინძლობდა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, ბოიკო ბორისოვი, რომლის ქვეყანაც ამჟამად ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა. იუნკერის ვიზიტს წინ უძღოდა ევროკავშირის სტრატეგიის გამოქვეყნება, რომელიც ეხება რეგიონის ბლოკთან დაახლოების გზებს. ვიზიტის ფარგლებში იუნკერი ესტუმრა მაკედონიას, ალბანეთს, სერბიას, ჩერნოგორიას, ბოსნიას და კოსოვოს და ექვსივე ქვეყანას მოუწოდა სიღრმისეული რეფორმების გატარებისკენ, რათა დააკმაყოფილონ ბლოკში საბოლოო გაწევრიანების კრიტერიუმი. ერთ-ერთ პრიორიტეტად იუნკერი ასახელებდა კანონის უზენაესობის გაძლიერებას, ისევე, როგორც ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას. ევროკავშირის სტრატეგიის დოკუმენტი მოიცავდა ბუნდოვან მინიშნებას, რომ გაწევრიანების თარიღი შესაძლოა 2025 წელი ყოფილიყო. ბლოკში გაწევრიანების პროცესში ლიდერებად ასახელებენ ჩერნოგორიას და სერბიას. ვიზიტის დროს იუნკერმა აღნიშნა, რომ გაწევრიანების თარიღი არ არის განსაზღვრული, მაგრამ ეს "შესაძლოა 2025 წელს მოხდეს", თუ კრიტერიუმი დაკმაყოფილდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG