Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის მთავრობა იძიებს სავარაუდოდ, რუსეთის კიბერთავდასხმას


გერმანიის პარლამენტის დეპუტატების ინფორმაციით, გრძელდება კიბერთავდასხმა სამთავრობო სტრუქტურების ინტერნეტქსელზე.„საუბარია ძალიან სერიოზულ თავდასხმაზე და ჩვენ ინტერესებში არ არის დეტალების გამოქვეყნება“ - განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, სპეცსამსახურების საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი კომისიის ხელმძღვანელმა, არმინ შუსტერმა. 1 მარტს, კომისიამ საგანგებო სხდომა გამართა მას შემდეგ, რაც საინფორმაციო სააგენტო DPA-მ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა გერმანიის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროების საგანგებოდ დაცულ ინტერნეტქსელზე სავარაუდოდ, რუსი ჰაკერების თავდასხმის შესახებ. სააგენტოს ინფორმაციით, ჰაკერებმა სპეციალური პროგრამით შეძლეს დოკუმენტების მოპარვა. გერმანიის პარლამენტის დეპუტატებმა აღშფოთება გამოთქვეს იმის გამოც, რომ კიბერთავდასხმის ფაქტი შეიტყვეს არა სპეცსამსახურების, არამედ მედიასაშუალებებისგან. არსებული მონაცემებით, გერმანიის სპეცსამსახურებმა კიბერთავდასხმის ფაქტი 2017 წლის დეკემბერში დააფიქსირეს და დაიწყეს გამოკვლევა, თუ რამდენად ღრმად შეაღწიეს ჰაკერებმა სამთავრობო ინტერნეტქსელში, რომელსაც იყენებენ გერმანიის ფედერალური კანცლერის აპარატი, სამინისტროები და სპეცსამსახურები. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიბერთავდასხმა იზოლირებულია და კონტროლს ექვემდებარება. მინისტრის, ტომას დე მეზიერის განცხადებით, ტექნიკურად რთული კიბერთავდასხმა დიდი ხნის განმავლობაში იგეგემებოდა. გერმანული მედიასაშუალებების ინფორმაციით, სავარაუდოდ, საუბარია ჰაკერთა ჯგუფზე, Fancy Bears-ზე, რომელიც ეჭვმიტანილია 2015 წელს, გერმანიის პარლამენტის ინტერნეტქსელში შეღწევის მცდელობასა და 2016 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების პროცესში ჩარევასთან კავშირშიც.

XS
SM
MD
LG