Accessibility links

აშშ რუსეთს ბრალად სდებს მშვიდობიანი სირიელების დახოცვაში თანამონაწილეობას


სირიის სამთავრობო ძალების სამხედროები ბაშარ ასადის და ვლადიმირ პუტინის ფოტოებს შორის. აღმოსავლეთ ღუტა, 2018 წლის 1 მარტი

აშშ-მა დაგმო სირიის აღმოსავლეთ ღუტის რაიონის მოსახლეობაზე შეტევა, რომელსაც რუსეთის და ირანის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმი აწარმოებს. თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთმა არაერთხელ შეაფერხა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღება სირიაში 30-დღიანი ზავის შესახებ და კონტრტერორისტული ოპერაციის ცრუ საბაბით განაგრძობდა უდანაშაულო სამოქალაქო პირების დახოცვას. თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ 2016 წელს, რუსეთმა და სირიის რეჟიმმა ტყუილის და ძალის გამოყენების ასეთივე კომბინაციით, ალეპოში გაანადგურეს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. აშშ-ის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2018 წლის 24-დან 28 თებერვლამდე პერიოდში, რუსულმა თვითმფრინავებმა ჰმეიმიმის აეროდრომიდან განახორციელეს სულ მცირე 20 გაფრენა აღმოსავლეთ ღუტის დასაბომბად. თეთრმა სახლმა მოითხოვა, რომ ასადის რეჟიმის კონტროლქვეშ მყოფმა ძალებმა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მშვიდობიანი მოსახლეობის და სამედიცინო ინფრასტრუქტურის განადგურება. თეთრი სახლის განცხადებითვე, ცივილიზებულმა სამყარომ არ უნდა მოითმინოს ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება. აშშ-მა ასადის ხელისუფლებისგან და მისი მხარდამჭერი მოსკოვისა და თეირანისგან მოითხოვა, შეასრულონ გაეროს რეზოლუცია აღმოსავლეთ ღუტაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის და 400 ათასამდე მშვიდობიანი მცხოვრებისთვის შეუფერხებელი ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ. გასულ კვირაში გამოცხადებული ერთთვიანი ზავის მიუხედავად, სირიის სამთავრობო ძალები განაგრძობენ შეტევას ასადის მოწინააღმდეგე მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ ღუტაზე და ბოლო დღეებში დაიკავეს რაიონის თითქმის ნახევარი. 4 მარტს, ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, სამთავრობო ძალები განაგრძობენ აღმოსავლეთ ღუტაზე შეტევას. სხვადასხვა მონაცემით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ რაიონში დაიღუპა 600-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG