Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია მოჰყვა კომპარტიის წევრის დანიშვნას მაღალ თანამდებობაზე


5 მარტის საღამოს პრაღაში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა ჩეხეთის კომუნისტური პარტიის წევრის, ზდენეკ ონდრაჩეკის დანიშვნა პარლამენტის იმ კომისიის თავმჯდომარის პოსტზე, რომელსაც უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექციის კონტროლი ევალება. ამ საპარლამენტო კომისიას, კერძოდ, ეხება პოლიციელების, მებაჟეებისა და ციხის ზედამხედველების დანაშაულთა გამოძიება. ონდარაჩეკის დანიშვნამ მასობრივი აღშფოთება გამოიწვია იმის გამო, რომ 1989 წლის იანვარში, კომუნისტური პოლიციის თანამშრომლად მუშაობის დროს, იგი პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე გამართული დემონსტრაციის სასტიკ დარბევაში ღებულობდა მონაწილეობას. 1989 წლის საპროტესტო აქციები პრაღაში წინ უძღვოდა „ხავერდოვან რევოლუციას“. ამ მოვლენების დროს დააპატიმრეს და შემდგომ 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს ქვეყნის პირველ პრეზიდენტ, ვაცლავ ჰაველს. 5 მარტს, პრაღის ცენტრში საპროტესტო აქციაზე გამოსული ადამიანები იქნევდნენ ქაღალდისაგან გაკეთებულ ხელჯოხებს და აჩხრიალებდნენ რკინის გასაღებებს, როგორ ამას აკეთებდნენ დემონსტრანტები 1989 წელს „ხავერდოვანი რევოლუციის“ დროს. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა და მმართველი საპარლამენტო პარტია "ანოს" ლიდერმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ მიაღწევს ონდრაჩეკის გათავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ მისი კანდიდატურის შესახებ კენჭისყრა პარლამენტში 2 მარტს უკვე შედგა.

XS
SM
MD
LG