Accessibility links

დიდ ბრიტანეთში რუსი მზვერავის სავარაუდო მოწამვლას სპეციალური სამსახურიც იკვლევს


სერგეი სკრიპალი მოსკოვის სასამართლოში. 2006 წლის 9 აგვისტო

დიდი ბრიტანეთის პოლიციის ტერორიზმთან მებრძოლი ქვედანაყოფის სპეციალისტები ჩაერთნენ რუსეთის არმიის გენერალური შტაბის დაზვერვის სამმართველოს ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის საქმის გამოძიებაში. სკრიპალი მესამე დღეა კლინიკაში იმყოფება და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ბიბისის ინფორმაციით, ექსპერტები ატარებენ ტოქსიკოლოგიურ ანალიზს იმის დასადგენად, სკრიპალი მართლაც მოწამლულია თუ არა და რა ნივთიერებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი, მკვეთრი გაუარესება. “ეს აშკარად ძალიან უჩვეულო შემთხვევაა და მნიშვნელოვანია სწრაფად გაირკვეს, რა გახდა დაავადების მიზეზი“ - განაცხადა ლონდონის პოლიციის უფროსის მოადგილემ, მარკ როულიმ. 66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრთან, 4 მარტს აღმოაჩინეს მძიმე მდგომარეობაში და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბრიტანული მედიასაშუალებები სერგეი სკრიპალის საქმეს ადარებენ 2006 წელს, ალექსანდრ ლიტვინენკოს მოწამვლას. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სამხედრო დაზვერვის სამსახურის ოფიცერი სერგეი სკრიპალი 2004 წელს დააკავა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით. ორი წლის შემდეგ, მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ სკრიპალს მიუსაჯა 13 წლით პატიმრობა. 2010 წელს სკრიპალი შეიწყალეს და კიდევ რამდენიმე პირთან ერთად გაცვალეს აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG