Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელი უახლოეს დღეებში მოელის რუსეთისთვის სანქციების დაწესებას


დენ კოუტსი
დენ კოუტსი

აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთს უახლოეს ხანში დაუწესებს სანქციებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო - ამის შესახებ სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა, დენ კოუტსმა. მისი ინფორმაციით, სანქციები განიხილება და ზოგიერთ მათგანს ფინანსთა მინისტრი სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გამოაქვეყნებს. დენ კოუტსის შეფასებით, აშშ-მა საკმარისი წინააღმდეგობა ვერ გაუწია რუსეთს, რომლის მიზანია ამერიკული დემოკრატიის ხელყოფა. ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი შეეცდება ჩაერიოს კონგრესის არჩევნებშიც, რომელიც ნოემბერში გაიმართება. დენ კოუტსი მოელის, რომ რუსეთი პროპაგანდის, ცრუ ინფორმაციის და სოციალური ქსელების გამოყენებით, კვლავ შეეცდება ამერიკულ საზოგადოებაში პოლიტიკური და სოციალური უთანხმოების გაღრმავებას. ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებით, სანქციები აუცილებელია, რათა ეფექტურად იყოს გამოყენებული ყველა საშუალება რუსეთის შესაკავებლად. სპეციალურმა პროკურორმა, რობერტ მიულერმა 16 თებერვალს, წარმოადგინა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიების პირველი შედეგები. საარჩევნო კამპანიაში ჩარევის ბრალდება წარდგენილი აქვს რუსეთის 13 მოქალაქეს და სამ იურიდიულ პირს. მათ შორის არიან პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირად მიჩნეული ბიზნესმენი, ევგენი პრიგოჟინი და „ტროლების ფაბრიკის“ სახელით ცნობილი ორგანიზაციის, „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ თანამშრომლები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვის დადანაშაულებას ბოდვა უწოდა.

XS
SM
MD
LG