Accessibility links

სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ ლარსზე გვირაბის მშენებლობაზე


ვაჰან მარტიროსიანი

რუსეთმა და საქართველომ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ წელს, ზემო ლარსზე დაიწყება გვირაბის მშენებლობა - ამის შესახებ, როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება, 7 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ვაჰან მარტიროსიანმა. მისი ინფორმაციით, გვირაბის დაპროექტება დასასრულს უახლოვდება, მანამდე კი, არსებული შეთანხმებით, მოხდება საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიდერნიზება და გზა გაფართოვდება. „გვირაბის მშენებლობა მოგვიანებით დასრულდება, რადგან დრო სჭირდება, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ მოდერნიზაციის სამუშაოები წლის ბოლოსთვის დამთავრდება“ - განაცხადა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა. რადიო თავისუფლების სომხური სამსახური აღნიშნავს, რომ სატრანსპორტო საკითხები განიხილებოდა მარტის დასაწყისში, ერევანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას და მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრისას უშუალოდ ზემო ლარსზე საუბარი არ ყოფილა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, კარენ კარაპეტიანმა ხაზი გაუსვა, რომ სატრანსპორტო სფეროს ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 2017 წლის თებერვალში, თბილისში ვიზიტისას კარაპეტიანმა განაცხადა, რომ ლარსის ალტერნატივა იქნება, თუმცა, დეტალები არ დაუსახელებია. 2018 წლის იანვარში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სომხეთმა რუსეთს მიმართა ზემო ლარსის ალტერნატიული გზის ამოქმედების საკითხის განსახილველად. 8 მარტს, რადიო თავისუფლების სომხურმა სამსახურმა ტრანსპორტის მინისტრს ჰკითხა, განიხილებოდა თუ არა ალტერნატიული გზის საკითხი ერევანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტისას. „ეს თემა საყოველთაო ყურადღების ცენტრშია, მაგრამ ისევ მინდა აღვნიშნო, რომ ეს რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების საკითხია. სომხეთი მუშაობს ალტერნატიული გზების მოსაძიებლად და ალტერნატივა არ არის მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთსა და აფხაზეთზე გამავალი გზები“ - განაცხადა ვაჰან კარაპეტიანმა.

XS
SM
MD
LG