Accessibility links

რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა ვერ აღმოაჩინეს ტრამპის და რუსეთის შეთქმულების ნიშნები


წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საქმეთა კომიტეტის წევრები, დემოკრატი ედამ შიფი და რესპუბლიკელი მაიკ კონვეი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრებმა დასრულებულად გამოაცხადეს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიება. რესპუბლიკელებმა, რომლებიც უმრავლესობაში არიან, დაასკვნეს, რომ არ ყოფილა შეთქმულება დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის. კონგრესმენ მაიკ კონვეის განცხადებით, გამოძიების პროცესში აღმოჩენილია ზოგიერთი არასწორი გამონათქვამის და არამართებული შეხვედრის ფაქტი, თუმცა, მსგავსი არამიზანიმართული კონტაქტები შეთქმულებად ვერ ჩაითვლება. წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი წევრები ეთანხმებიან ამერიკული სპეცსამსახურების დასკვნას, რომ რუსეთი ჩაერია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა, უარყოფენ, რომ კრემლის მიზანი იყო ხელი შეეწყო ტრამპის გამარჯვებისთვის. კონგრესმენ კონვეის ინფორმაციით, რესპუბლიკელები მათ მიერ მომზადებულ, 150 გვერდიან შემაჯამებელ ანგარიშს დემოკრატებს 13 მარტს გადასცემენ. კონგრესში წელიწადზე მეტი ხნის წინ დაწყებული გამოძიების ამსახველი დოკუმენტი საჯაროდ მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც მის შინაარსს შეისწავლიან დემოკრატიული პარტია და სპეცსამსახურები. წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საქმეთა კომიტეტის დემოკრატმა წევრმა, ედამ შიფმა რესპუბლიკელები დაადანაშაულა არა აშშ-ის, არამედ პირადად დონალდ ტრამპის ინტერესების დაცვაში. თავად პრეზიდენტმა ტრამპმა 13 მარტს, ტვიტერზე დაწერა, რომ 14 თვიანი გამოძიების შემდეგ წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საქმეთა კომიტეტმა ვერ აღმოაჩინა მისი საარჩევნო კამპანიის რაიმე კავშირი არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG