Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა რუსეთის საგარეო უწყების კომენტარს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა კომენტარითვე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმავე დეპარტამენტის მიერ 12 მარტს გამოქვეყნებულ კომენტარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადების შესახებ. „გავეცანით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს. ჟენევის დისკუსიები არის მნიშვნელოვანი ფორმატი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასარეგულირებლად. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ რაუნდზე ჩვენ შევძლებთ მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“ - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ 13 მარტს გამოქვეყნებულ კომენტარში. სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გადადგას ნაბიჯები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრუნველსაყოფად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე 12 მარტს გამოქვეყნდა ინფორმაციის და პრესის დეპარტამენტის კომენტარი, რომლის თანახმად, მოსკოვში ყურადღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას და კმაყოფილებით აღნიშნავენ მასში გამოთქმულ განწყობას ორმხრივი ნორმალიზაციის პროცესის გაღრმავების გასაგრძელებლად. ამავე კომენტარით, რუსეთი ადრინდელივით დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზად არის წავიდეს იმდენად შორს, რამდენადაც ამისთვის მზად არის თბილისი. „კვირიკაშვილის მიერ, ჟენევის დისკუსიებზე პროგრესისკენ სწრაფვის მოხსენიება იძლევა ქართული მხარის კონსტრუქციულობის იმედს მარტის ბოლოს, შემდეგი რაუნდის მიმდინარეობისას. დარწმუნებულნი ვართ, ასეთ მიდგომას მხარს დაუჭერენ მოლაპარაკების სხვა მონაწილეები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ უხელმძღვანელებს ჟენევაში საქართველოს დელეგაციას. შეუძლებელია არ მიესალმო დეკლარირებულ სწრაფვასაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგისკენ. სწორედ ეს არის ერთადერთი რეალური გზა მოსაგვარებლად იმ საკითხებისა, რომლებიც საქართველოს აღელვებს და გადის ორმხრივი რუსულ-ქართული დღის წესრიგიდან. კერძოდ, ეს შეეხება წუხილის გამომწვევ, ამასწინანდელ ინციდენტსაც საქართველოს მოქალაქესთან, ა. ტატუნაშვილთან დაკავშირებით“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე 12 მარტს გამოქვეყნებულ კომენტარში.

XS
SM
MD
LG