Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული მოქალაქე გალიდან დევნილია


ოკუპირებული გალის იზოლატორში რჩება ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე, გიორგი ზარანდია. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის მკვიდრი ზარანდია 13 მარტს დააკავეს გალის რაიონში. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გიორგი ზარანდია გალიდან დევნილია და ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში. მისმა ახლო ნათესავმა 14 მარტს, რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უამბო, რომ ოჯახმა გიორგი ზარანდიას დაკავების შესახებ მედიასაშუალებებით შეიტყო. ოჯახისთვის უცნობია, როგორ აღმოჩნდა გიორგი ზარანდია მდინარე ენგურის მეორე მხარეს. ვარაუდობენ, რომ ის გალში ჩასვლას ცდილობდა ნათესავების მოსანახულებლად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გიორგი ზარანდიას უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

XS
SM
MD
LG