Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: ყირიმი უკრაინის ნაწილია


პრეზიდენტი პუტინი სევასტოპოლში. 2018 წლის 14 მარტი
პრეზიდენტი პუტინი სევასტოპოლში. 2018 წლის 14 მარტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საერთაშორისო წესრიგის და სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობად შეაფასა ანექსირებულ ყირიმში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ჩასვლა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, 4 წლის წინ, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჩაატარა უკანონო, გაყალბებული რეფერენდუმი, რომლითაც შეეცადა ყირიმის ანექსიის დაკანონებას. ნოიერტი აღნიშნავს, რომ რუსი სამხედროების აქტიური მეთვალყურეობის პირობებში ყირიმის მცხოვრებნი აიძულეს ხმა მიეცათ. ნოიერტის განცხადებით, 14 მარტს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პრეზიდენტმა პუტინმა კვლავ გამოთქვა რუსეთის უკანონო პრეტენზია უკრაინის ტერიტორიაზე, რითიც დაადასტურა, რომ რუსეთის მთავრობა უგულვებელყოფს საერთაშორისო წესრიგს და პატივს არ სცემს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას. სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს რუსეთის ძალადობას ანექსიის მოწინააღმდეგეთა მიმართ და საოკუპაციო ძალების მიერ ყირიმელი თათრების, ეთნიკური უკრაინელების, სამოქალაქო აქტივისტების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას და რეპრესიებს. „აშშ ადასტურებს ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ყირიმი უკრაინის ნაწილია და ჩვენი სანქციები ძალაში დარჩება, სანამ რუსეთი უკრაინას არ დაუბრუნებს კონტროლს ყირიმის ნახევარკუნძულზე“ - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG