Accessibility links

გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის კონგრესს მიმართა, მიიღოს საქართველოს მხარდამჭერი აქტი


გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოვიდა ორი ქვეყნის პარტნიორობის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. მისი ორგანიზატორები იყვნენ „ატლანტიკური საბჭო“ და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი.“ საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ახალი ცივი ომის გამოწვევებზე, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, მოლდავეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე, ყირიმის ანექსიასა და ომზე აღმოსავლეთ უკრაინაში. „დღეს ყველანი ვლაპარაკობთ მკვლელობის მცდელობაზე სოლსბერიში. რამდენიმე კვირის წინ, საქართველოში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს ყოფილი ქართველი სამხედრო, რომელიც ერაყში მოკავშირეებთან ერთად მსახურობდა“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მან ხაზი გაუსვა მოსკოვის კიდევ უფრო შემაშფოთებელ საომარ რიტორიკას და აღნიშნა, რომ დღესაც საჭიროა ერთობა, რომელმაც ერთხელ უკვე დაამარცხა ცივი ომი. პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოზე, როგორც რეგიონში დასავლეთის და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის საყრდენსა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ლიდერზე, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსრეგიონული თანამშრომლობის გრძელვადიან გადაწყვეტილებებს, ქმნის ენერგეტიკისა და ტრანსპორტირების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, საზღვრები გაუხსნა რეგიონალურ ეკონომიკას და დასავლური სტანდარტების მიხედვით ჩამოაყალიბა პოლიტიკური და სახელმწიფო ინსტიტუტები. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა საერთო მიზნების მისაღწევად აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზეც. „მოხარული ვარ, რომ საქართველო აღიქმება, როგორც შეერთებული შტატების განსაკუთრებული პარტნიორი და მოკავშირე ქვეყანა რეგიონში და მიმაჩნია, რომ ამ განსაკუთრებულ პარტნიორობას განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. საქართველოს მხარდამჭერი აქტი იქნებოდა მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი ამ განსაკუთრებული ურთიერთობების მხარდაჭერისა და განმტკიცებისათვის“ - განაცხადა აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს მხარდამჭერი აქტი გააერთიანებს თანამშრომლობის ყველა არსებულ ფორმატს, წარმოქმნის ახალ ფორმატებს და უზრუნველყოფს საქართველოს გრძელვადიან სტაბილურობას და რეგიონში აშშ-ის ინტერესების დაცვასაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG