Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმხილველის ინფორმაციით, გუდაურში მაშველებმა ეფექტურად იმოქმედეს


საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკა გაბაშვილმა რადიო თავისუფლებას გუდაურიდან უამბო, რომ საბაგიროზე მომხდარი ავარიით გამოწვეულ რთულ ვითარებაზე მაშველებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს. ეკა გაბაშვილის ინფორმაციით, მაშველებმა ეფექტურად იმოქმედეს როგორც საბაგიროდან გადმოხტომის შედეგად დაშავებულებისთვის პირველადი დახმარების გაწევისას, ისე დიდ სიმაღლეზე დარჩენილთა ევაკუაციის დროს. ეკა გაბაშვილის შეფასებით, როგორც ჩანს, საბაგიროზე მომხდარი ავარიის მომენტში, ყველაზე საფრთხის შემცველ ადგილებზე ისხდნენ გამოცდილი მოთხილამურეები, რომლებმაც იცოდნენ, რომ უნდა ჩამომხტარიყვნენ და დინებას არ უნდა გაჰყოლოდნენ. საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, მომხდარის გამო გუდაურში პანიკა არ შეინიშნებოდა და ერთადერთი, რაც ყველას აწუხებს და ყველას სურვილია, რომ დაშავებულების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. „პანიკა უფრო ქალაქიდან იყო წამოსული“ - განაცხადა ეკა გაბაშვილმა. მისივე თქმით, გუდაურში მყოფთა ნაწილმა კურორტის დატოვება გადაწყვიტა, თუმცა, ამის მიზეზი ამინდის გაუარესებაა. საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ამ დღეებში გუდაურში ატარებდა საქართველოს თასის გათამაშებას. ამ დროისთვის არსებული წინასწარი, ოფიციალუარი ინფორმაციით, ავარიულად გაჩერების შემდეგ საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა. დაშავდა ათამდე ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG