Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება


რუსეთში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც უპირობო გამარჯვებას მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მოელის. ის მეოთხე ვადით აპირებს ქვეყნის მართვას. 65 წლის კანდიდატს მთავრობასთან ახლოს მდგომი მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს. პატრიოტულ წარმატებადაა მიჩნეული ყირიმის ანექსია, რომლის მეოთხე წლისთავი სრულდება და სირიაში სამხედრო შეჭრა.„დარწმუნებული ვარ იმ პროგრამის სისწორეში, რომელსაც მე ქვეყანას ვთავაზობ“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. მისი თქმით, წარმატება იქნება ყველანაირი შედეგი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მას, გააგრძელოს პრეზიდენტობა. რუსეთის პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში გახსნილ საარჩევნო უბანში გააკეთა. კენჭისყრის დაწყებიდან რამდენიმე საათში რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ელა პამფილოვა იტყობინებოდა, რომ მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტიურობა. ის 12 პროცენტით აჭარბებდა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ანალოგიურ მონაცემს. არჩევნების დამოუკიდებელი მეთვალყურე, ჯგუფი გოლოსი ავრცელებს განცხადებას, რომ აღინუსხა დარღვევები. გოლოსის თანახმად, რამდენიმე უბანზე საარჩევნო ყუთები გადააადგილეს სამეთვალყურეო კამერების ხედვის არეალიდან, ასევე მოხდა ამომრჩეველთა ბოლო წუთში რეგისტრირება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მომხრეების თანახმად, ამომრჩევლები ავტობუსებით გადაჰყავდათ უბნებში ხმის მისაცემად. ნავალნის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ დართეს. ხაბაროვსკიდან გავრცელდა ცნობა, რომ ადგილობრივი ხელისუფლები მოსახლეობას სურსათზე შეღავათიან ფასებს სთავაზობდნენ, რათა საარჩევნო უბნებში მიეზიდათ ისინი. ბოლო საარჩევნო უბნები დაიხურება კალინინგრადის ოლქში თბილისის დროით 21 საათზე. წინასწარი შედეგები მას მერე, მალევე გამოცხადდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG