Accessibility links

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მმართველებმა პუტინს მიულოცეს არჩევნებში გამარჯვება


რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ვლადიმირ პუტინს მიულოცა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, 19 მარტს ბიბილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამხრეთ ოსეთისთვის პუტინის გამარჯვება ნიშნავს რუსეთის მხრიდან სრულ მხარდაჭერას და ერთობლივი სოციალურ-ეკონომიკური პროექტების გარანტირებულად რეალიზაციას. ბიბილოვის თქმით, პუტინის გამარჯვება ნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთს შეუძლია გარეშე საფრთხეებზე უკანმოუხედავად განაგრძოს განვითარება. ვლადიმირ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამაც. მისი განცხადებით, კენჭისყრის შედეგები ადასტურებს, რომ რუსეთის მოქალაქეები ენდობიან პუტინის კურსს. დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, აფხაზი ხალხი პუტინის მხარდაჭერას განსაკუთრებულად აფასებს და დარწმუნებულია, რომ ძმური ურთიერთობები კვლავაც დინამიურად განვითარდება.18 მარტს, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ეს ფაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაფასა ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად, გაეროს წესდების და სხვა საერთაშორისო აქტების უხეშ დარღვევად და მსოფლიო თანამეგობრობას მიმართა, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის უკანონო ქმედებები, რომლებიც ძირს უთხრის სამართალსა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG