Accessibility links

სომხეთში 10,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ჟირაირ სეფილიანს


2018 წლის 20 მარტი: ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჟირაირ სეფილიანი სასამართლოს დარბაზში, მხარდამჭერებთან მისალმებისას

სომხეთში სასამართლომ 10,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მოძრაობა „დამფუძნებელი პარლამენტის“ ლიდერ ჟირაირ სეფილიანს, რომელიც დამნაშავედ ცნო მასობრივი არეულობის დაგეგმვაში. მისთვის წაყენებულ ბრალდებებს შორის არის პოლიციისათვის შიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა, ძალადობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა ერევანში სტრატეგიული მნიშვნელობის შენობებზე კონტროლის დასამყარებლად. სეფილიანი და მისი ექვსი მხარდამჭერი 2016 წლის 20 ივნისს დააკავეს. სასამართლომ დამნაშავედ ცნო დანარჩენი ექვსი დაკავებულიც, რომელთაც მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა ორიდან 5,5 წლამდე ხანგრძლივობით. ყველაზე ხანმოკლე პატიმრობა შეუფარდეს ჰოვანეს პეტროსიანს - ერთადერთ მსჯავრდებულს, რომელმაც სეფილიანის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. პეტროსიანის განცხადებით, მას დაევალა ერევანში ტელეანძის დასაპყრობად მომზადება. დანარჩენი ექვსი მსჯავრდებული, მათ შორის სეფილიანი, კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, რომლებსაც პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. სეფილიანისა და მისი ექვსი მხარდაჭერის დაკავებიდან რამდენიმე კვირაში, შეიარაღებულ ჯგუფ „სასნა ცრერის“ 30-მდე წევრმა დაიპყრო ერევანში პოლიციის ერთ-ერთი განყოფილება და ორ კვირაზე მეტი ხანი შეძლო იქ დარჩენა. ისინი მოითხოვდნენ სეფილიანის გათავისუფლებას და მაშინდელი პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის გადადგომას. დაპირისპირების დროს დაიღუპა პოლიციელი, შემდეგ კი გაიმართა შეიარაღებული ჯგუფის მხარდამჭერებისა და სხვა სომხების ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები. ზოგი აქცია ძალლადობაში გადაიზარდა და დაიღუპა კიდევ ერთი პოლიციელი. 51 წლის სეფილიანი 1991-94 წლებში მონაწილეობდა მთიანი ყარაბაღის გამო აზერბაიჯანთან ომში, ამის შემდეგ ის მკაცრად აკრიტიკებდა სომხეთის სხვადასხვა მთავრობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG