Accessibility links

პოლიციამ დააკავა "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი


სამართალდამცავებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისთან 19 მარტს მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს „ქართული მარშის“ 5 წარმომადგენელი, მათ შორის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, მათ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით ჩადენილი ხულიგნობის მუხლით, რომელიც ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შსს-ს განცხადებით, გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით. „რუსთავი 2“-ის ოფისთან მომხდარი ძალადობის გამო, პოლიციელებმა 19 მარტსვე დააკავეს 6 პირი, თუმცა არა სისხლის სამართლის, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით, რომელიც გულისხმობს ხულიგნობას და სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი - ძალადობის და სხვისი ქონების დაზიანების მუხლებითაც. 19 მარტს, „რუსთავი 2“-ის ოფისთან „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა გააპროტესტეს გადაცემა P.S.-ის წამყვანის, დავით გაბუნიას ხუმრობა იესო ქრისტეს და ბიძინა ივანიშვილის მიერ აჭარიდან ხეების გადარგვის შესახებ. „ქართული მარშის“ წევრები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ტელეკომპანიის თანამშრომლებს. სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში მოათავსეს ერთი ჟურნალისტი.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG