Accessibility links

ქართული მხარე კვლავ მოითხოვს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დასჯას


ქართული პოლიციის საგუშაგო ენგურის ხიდთან

ოკუპირებულ გალში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ გალში გამგზავრებამდე ენგურის ხიდთან, ჟურნალისტებს აცნობა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას კვლავ გაამახვილებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე. “შეხვედრის საერთაშორისო მონაწილეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ აუცილებელია ბრალდებულის დასჯა და მკვლელობის საქმის ლოგიკურ ჭრილში დაბრუნება“ - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ. 2016 წლის 19 მაისს, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან ურთიერთშელაპარაკებისას გიგა ოთხოზორიას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ. მის წინააღმდეგ გამოძიება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურამ დაიწყო, თუმცა, 2017 წლის მაისში მტკიცებულებების არარსებობის საბაბით შეწყვიტა კანჯი-ოღლის სისხლისსამართლებრივი დევნა. მანამდე, 2017 წლის მარტში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარებაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. რაშიდ კანჯი-ოღლი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG