Accessibility links

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა


21 მარტს მსოფლიოში აღინიშნება დაუნის სინდრომის დღე, რომლის წლევანდელი ლოზუნგია, “რას ვმატებ ჩემ საზოგადოებას.“ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა. მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, წლევანდელი ლოზუნგი ხაზს უსვამს დაუნის სინდრომის მქონე პირთა თანაბარ წვლილს საზოგადოებრივ, საჯარო, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. „დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესაძლებლობას - საკუთარი წვლილი შეიტანონ საზოგადოების ცხოვრებაში, მნიშვნელოვნად აბრკოლებს არასაკმარისი ინფორმირებულობა და ნეგატიური დამოკიდებულება. აუცილებელია ყველა სუბიექტმა, მათ შორის სახელმწიფომ, სამოქალაქო სექტორმა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, დამსაქმებლებმა, ფართო საზოგადოებამ დაინახონ ეს სარგებელი და ხელი შეუწყონ დაუნის სინდრომის მქონე პირების შესაძლებლობების განვითარებას” - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. ნინო ლომჯარიას შეფასებით, საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეების მიერ ადამიანის უფლებებით სარგებლობის კუთხით გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ რჩება წინაღობები, რომელთა აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია გაგრძელდეს მათი საჭიროებების გამოვლენა და მოგვარებაზე ზრუნვა, უზრუნველყოფილი უნდა იქნას სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მისაწვდომობა, ხარისხიანი განათლების მიღება, დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა და დამოუკიდებლად ცხოვრების ხელშეწყობა. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, მეტი ძალისხმევა მიმართოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვისკენ, რათა სხვების თანასწორად იქნას უზრუნველყოფილი მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG