Accessibility links

ოკუპირებულ ახალგორში მორიგი ბრალდება წაუყენეს სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს


ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალგორის რაიონის პროკურატურა მას ადანაშაულებს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებაში, რადგან ის უკვე იყო საქართველოს მოქალაქე. ადგილობრივი გამომძიებელის თქმით, მეარაყიშვილმა იცრუა, როცა განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ. უწყებაში, რომელიც პროკურატურამ 20 მარტს გაუგზავნა მეარაყიშვილს, საუბარია მის მიმართ 19 მარტს სისხლის სამართლის მორიგი საქმის აღძვრის შესახებ. შარშან, 2017 წლის აგვისტოში მეარაყიშვილს წაუყენეს ოკუპირებული რეგიონის მმართველ პარტია „ერთიანი ოსეთის“ მიმართ ცილისწამების ბრალდება. მას შემდეგ მეარაყიშვილს შეზღუდული აქვს გადაადგილების თავისუფლება, მას აღარ მისცემია ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა. უფრო ადრე, 2017 წლის 8 ივლისს მეარაყიშვილი დააკავეს და მას მანქანაში ჩაჯდომა აიძულეს ადგილობრივი უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა. აქტივისტი ცხინვალში ჩაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღე იყო დაკავებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG