Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეცნიერი, რომელმაც ფეისბუკის მილიონობით მომხმარებლის მონაცემები მოაგროვა, აკრიტიკებს ფეისბუკსა და "კემბრიჯ ანალიტიკას"


კემბრიჯის უნივერსიტეტის თანამშრომელი, კრის უაილი, რომელმაც სოციალურ ქსელ ფეისბუკის მილიონობით მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მოაგროვა, აცხადებს, რომ მას „განტევების ვაცად“ იყენებდნენ ფეისბუკი და საკონსულტაციო კომპანია „კემბრიჯ ანალიტიკა“. ამ ბრიტანულ კერძო კომპანიას, რომელიც სოციალურ ქსელებში მოგროვებული მონაცემების საფუძველზე ავითარებს სტრატეგიებს საარჩევნო კამპანიებისათვის, ადანაშაულებენ აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებაში, რათა დონალდ ტრამპს გაემარჯვა. მიმდინარე კვირაში კრის უაილიმ გამოაცხადა, რომ „კემბრიჯ ანალიტიკამ“ უკანონოდ გამოიყენა ფეისბუკის 50 მილიონამდე მომხმარებლის პერსონალური მონაცემები. უაილის აზრით, რომელიც მან 21 მარტს ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია ბიბისისთან საუბრისას გამოთქვა, მას განტევების ვაცად იყენებდნენ, რადგან არწმუნებდნენ, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდებოდა. „კემბრიჯ ანალიტიკა“ უარყოფს „ფეისბუკის“ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენების ბრალდებას - ირწმუნება, რომ 2014 წელს გაანადგურა მის ხელთ არსებული მონაცემები. მაგრამ კომპანიის მიმართ კრიტიკა გამწვავდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ფარული კამერით გაკეთებული ჩანაწერი: „კემბრიჯ ანალიტიკის“ აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდერ ნიქსი ტრაბახობს, რომ მისმა კომპანიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებაში. „კემბრიჯ ანალიტიკის“ სავარაუდო მაქინაციებზე ინფორმაციის გავრცელება მორიგი მძიმე დარტყმაა ფეისბუკის რეპუტაციისათვის, რომელიც უკვე დააზარალა ცნობებმა, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, ასევე იყენებდა „ფეისბუკს“ ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში 2016 წლის საარჩევნო კამპანიაზე გავლენის მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG