Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Facebook-ის დამაარსებელმა შეცდომები აღიარა


მარკ ზაკერბერგი
მარკ ზაკერბერგი

Facebook-ის დამაარსებელმა, მარკ ზაკერბერგმა აღიარა, რომ კომპანიამ შეცდომები დაუშვა და პრობლემის მოსაგვარებლად წინსვლა სჭირდება. ზაკერბერგი საჯაროდ გამოეხმაურა სოციალური ქსელის მილიონობით მომხმარებლის მონაცემების გაჟონვას და მათ Facebook-ის პირადი გვერდიდან მიმართა. „ჩვენ პასუხს ვაგებთ თქვენი მონაცემების დაცვაზე და თუ ამას თავს ვერ გავართმევთ, არ ვართ იმის ღირსი რომ გემსახუროთ“ - ნათქვამია მარკ ზაკერბერგის განცხადებაში. Facebook-ის დამაარსებელი აღნიშნავს, რომ სიტუაციას სწავლობს და სურს დარწმუნდეს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. ზაკერბერგის განცხადებითვე, ყველაზე მნიშვნელოვან ზომებს ჯერ კიდევ წლების წინ მიმართეს, თუმცა შეცდომებიც დაუშვეს და ამიტომ, მეტის გაკეთებაა საჭირო. ზაკერბერგის ინფორმაციით, კომპანია შეზღუდავს აპლიკაციების შემქმნელთა წვდომას მომხმარებელთა პირად მონაცემებზე და მათთან შეთანხმების გაფორმების ვალდებულებას დააკისრებს. დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბთან კავშირის მქონე ბრიტანულმა კომპანიამ, Cambridge Analytica-მ პოლიტტექნოლოგიური მიზნებისთვის გამოიყენა Facebook-ის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობდა მათი ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნას პირად მონაცემებზე დაყრდნობით. ამ კვირაში ბრიტანულმა ტელეკომპანიამ, Channel 4-მა ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანალიტიკური კომპანია Cambridge Analytica მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეობდა ორასზე მეტ საარჩევნო კამპანიაში, მათ შორის ჩეხეთში, არგენტინაში, ინდოეთში, ნიგერიასა და კენიაში. გამოძიების თანახმად, ბრიტანული კომპანია დაკავებული იყო ქრთამის მიცემით და კანდიდატების შესახებ ცრუ ინფორმაციის და კომპრომატების გავრცელებით. Facebook-ის გამოყენებით მონაცემების გაჟონვის გამო, მარკ ზაკერბერგი განმარტებისთვის დაიბარა დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა. მის მიმართვას ზაკერბერგმა 26 მარტამდე უნდა უპასუხოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG