Accessibility links

ოსაკაში მიმდინარე სუპერტურნირზე ლევან გორგაძემ დაუმარცხებელი იოკოძუნა შეაჩერა


სუმოს ელიტაში – იაპონიის უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ ოსაკაში მიმდინარე სუპერტურნირზე – მარტის ჰარუ ბაშოზე დიდი ჩემპიონის – კაკურიუს წარმატებული სერია შეწყვიტა. მონღოლი იოკოძუნა დაუმარცხებლად მიიწევდა უმაღლესი ჯილდოსკენ - 11 ტურის შემდეგ 11 ქულა ჰქონდა და მე-12 ტურშიც ფავორიტი იყო. კაკურიუ მომავალ მეტოქეს ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაშიც გვარიანად სჯობდა - 21:1, მაგრამ 177-კილოგრამიანმა ქართველმა სეკიტორიმ (ელიტარული მებრძოლი) `იმპერატორის თასამდე” ასპროცენტიანი შედეგით მისვლის გეგმა ჩაუშალა.

ტოჩინოშინის შიკონათი (საბრძოლო მეტსახელით) ცნობილმა გორგაძემ, რომელიც მიმდინარე ბაშოზე მესამე იერარქიული წოდებით – სეკივასეს რანგში გამოდის, ტრადიციულ 15-ტურიან შეჯიბრებაზე, 12 ტურში გაინაღდა საბოლოო (გარანტირებული) დადებითი ბალანსი – კაჩიკოში, რადგან იოკოძუნა კაკურიუს ძლევის შემდეგ 8 მოგება და 4 წაგება დაუგროვდა. კაჩიკოში ლევან გორგაძისთვის სეკივაკეს წოდების შენარჩუნების გარანტია.

მარტის ბაშოზე გორგაძე 4 მარცხის მიუხედავად, ჯერ კიდევ ინარჩუნებს `იმპერატორის თასის” ზედიზედ მეორედ მოპოვების შანსს, მაგრამ მორიგი წარმატება მარტო მასზე აღარაა დამოკიდებული. თეორიული შანსი მინიმალურია, რადგან ტოჩინოშინი ქულებით ექვს სეკიტორის ჩამორჩება. ლიდერ კაკურიუს კი მიმდინარე სუპერტურნირზე მხოლოდ ერთი წაგება აქვს და ძნელად წარმოსადგენია, დარჩენილი სამი ტური უქულოდ გაიაროს.

ლევან გორგაძე მარტის ბაშოს ტრავმით ატარებს – ბარძაყის კუნთის ნაწილობრივ გაწყვეტის გამო, საჭიდაო არენაზე – დოჰიოზე პირველი ტურიდან მოყოლებული, გამაყუჩებლით გადის. კაჩიკოშის განაღდების შემდეგ, მას შეუძლია ტურნირი აღარ გააგრძელოს და მხოლოდ მკურნალობაზე გადაერთოს, მაისის ბაშომდე მწყობრში ჩასადგომად რომ მეტი დრო ჰქონდეს.

ამ ფრთხილ სტრატეგიასთან ერთად, მოვლენების უფრო საინტერესო გაგრძელებაც უნდა ვახსენოთ – დარჩენილ სამ ტურში ქულათა მაქსიმუმის აღებით და ოსაკას ბაშოს შთამბეჭდავი დადებითი ბალანსით დასრულების შემთხვევაში ტოჩინოშინი მეორე იერარქიულ საფეხურს - ოძეკის წოდებას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG