Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ დაზარალებულად ცნო "რუსთავი 2"-ის ორი თანამშრომელი


პროკურატურამ მოწმის სტატუსი დაზარალებულის სტატუსით შეუცვალა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს, დავით ერაძეს და იურისტს, თამთა მურადაშვილს. საქმე ეხება ტელეკომპანიის ოფისთან 19 მარტს მომხდარ ინციდენტს, როცა „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა დავით ერაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დააზიანეს თამთა მურადაშვილის ავტომანქანა. „ქართული მარშის“ წარმომადგენლები აპროტესტებდნენ გადაცემა P.S.-ის წამყვანის, დავით გაბუნიას ხუმრობას იესო ქრისტესა და ბიძინა ივანიშვილის მიერ აჭარიდან ხეების გადარგვის შესახებ. „რუსთავი 2“-ის ოფისთან მომხდარი ძალადობის გამო, პოლიციელებმა 19 მარტსვე დააკავეს 6 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით, რომელიც გულისხმობს ხულიგნობას და სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. იმავე დღეს შსს-მ განცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი - ძალადობის და სხვისი ქონების დაზიანების მუხლებითაც. 21 მარტს, სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს „ქართული მარშის“ 5 წარმომადგენელი, მათ შორის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი. მათ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით ჩადენილი ხულიგნობის მუხლით, რომელიც ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG