Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა "გირგვლიანის შესწორებების" სახელით ცნობილი კანონპროექტი


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო ფრაქციამ, „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა კანონპროექტი, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სიმბოლურად უწოდეს „გირგვლიანის შესწორებები.“ მდინარაძის განმარტებით, ფრაქციის მიერ 23 მარტს ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია ძალიან მაღალი სტანდარტით იყოს უზრუნველყოფილი მართლმსაჯულების ხელშეუვალობა და მოქალაქეთა დაცვა სახელმწიფო ძალმომრეობისგან. „გირგვლიანის შესწორებების” ფარგლებში, ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსის 12 მუხლში და კოდექსს დაემატება 2 ახალი, სპეციალური მუხლი, რომელთაგან ერთი შეეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით, ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობას, მეორე კი, ამ პირების მიერ უკანონო ბრძანების, ან დავალების გაცემას. მამუკა მდინარაძის განცხადებითვე, ცვლილებები ასევე, ეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას გამომძიებლის, პროკურორის, ადვოკატის, მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის საქმიანობაში ხელის შეშლის გზით და ქმედებებს, რომლებიც ითვალისწინებენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ბრძანების ან დავალების გაცემას. პასუხისმგებლობა მკაცრდება იმ პირთა მიმართაც, რომლებიც ასეთ ბრძანებას, ან დავალებას შეასრულებენ. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებებით, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების, ან დავალების შესრულება დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება. მამუკა მდინარაძის თქმით, შესწორებების ერთ-ერთი მიზანია სანდრო გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG