უკრაინის ეროვნულმა გმირმა ნადეჟდა სავჩენკომ შიმშილობა გამოაცხადა კიევის რაიონულ სასამართლოში, რომელიც ეჭვმიტანილისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. „მე დღეიდან ვაცხადებ შიმშილობას და მე გავივლი მთელ იმ გზას, რომელიც რუსეთში გავიარე, სადაც მტერი მაწამებდა“, - განაცხადა სავჩენკომ. იგი უშიშროების სამსახურმა კიევში დააკავა მას შემდეგ, რაც 22 მარტს, პარლამენტმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის მიმართვა და ხმათა უმრავლესობით სავჩენკოს მოუხსნა დეპუტატის იმუნიტეტი. უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, ნადეჟდა სავჩენკო მოქმედებდა 8 მარტს დაკავებულ, ორგანიზაცია „ოფიცერთა კორპუსის“ ხელმძღვანელთან, ვლადიმირ რუბანთან ერთად და მათი მიზანი იყო კონსტიტუციური წყობის დამხობა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება. სასამართლოში სავჩენკომ განაცხადა, რომ მას არ შეუძენია და არ გადმოუტანია საბრძოლო იარაღი თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან.
ყველაზე პოპულარული
1