Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასტუმრო „ლეოგრანდის“ ხანძრის ფაქტზე ორი პირი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოთხთვიანი გამოძიების შემდეგ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბათუმის სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე ამ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. - დააკავეს.

2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანებები მიიღო.

გამოძიებამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ექსპერტიზების პასუხის შედეგად, დაადგინა, რომ სასტუმრო „ლეოგრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით ფუნქციონირებდა. კერძოდ, შენობა აღჭურვილი არ იყო გამართული ავტომატური სახანძრო და კვამლმაუწყებელი სიგნალიზაციით, უზრუნველყოფილი არ იყო ხანძრის დროს კვამლის მოცილებისთვის საჭირო ავარიული კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაციის პროექტირებით, რათა, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, შენობის სხვა სათავსებიდან შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანების ევაკუაცია. მე-4 სართულზე განთავსებულ ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში ინახებოდა წვადი, ადვილად აალებადი ნივთიერებები. გამოყოფილი არ იყო თამბაქოს მოსაწევი ადგილები.

ამავე ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში დამონტაჟებული არ იყო ავტომატური მოწყობილობა, რომელიც, ხანძრის შემთხვევაში, სავენტილაციო არხებში წვის პროდუქტების გაუვრცელებლობას უზრუნველყოფდა.

გამოძიებით დადგინდა ასევე, რომ სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესებზე პასუხისმგებელი პირები სწორედ გ.მ. და ფ.ი. იყვნენ. მათ მიერ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად, 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმროში გაჩნდა ხანძარი, რა დროსაც, ძლიერი დაკვამლიანების გამო, CO-თი გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა 11 პირი, სასტუმროს სხვადასხვა სართულზე მყოფმა 19-მა პირმა კი ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას, რომელსაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პასუხისმგებელ პირს 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG