64-ს მიაღწია დაღუპულთა რაოდენობამ რუსეთის ქალაქ კემეროვოში, სადაც 25 მარტს ხანძარი გაჩნდა სავაჭრო-გასართობ ცენტრში. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა, ვლადიმირ პუჩკოვმა 26 მარტს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერჯერობით ნანგრევებში რჩება 6 დაღუპულის ცხედარი. ხანძრის შედეგად დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი. პუჩკოვის განცხადებით, არსებობს შენობის ჩამონგრევის საფრთხე, რის გამოც ადგილზე მიიტანეს სპეციალური მოწყობილობა კონსტრუქციის გასამაგრებლად. 25 მარტს გაჩენილი ხანძრის სრულად ჩაქრობას 17 საათზე მეტი დასჭირდა. დამწვარია დაახლოებით 1500 კვადრატული მეტრი ფართობი. გამომძიებლები იკვლევენ რამდენიმე ვერსიას, მათ შორის ელექტროგაყვანილობის სისტემის გაუმართაობას და ხანძრის გაუფრთხილებლობით გაჩენას. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულია 4 პირი, მათ შორის ცენტრის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი.
64 ადამიანი დაიღუპა კემეროვოში, ხანძრის შედეგად
ყველაზე პოპულარული
1