Accessibility links

ძალოსანი შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონი გახდა


საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა შოთა მიშველიძემ ბუქარესტში მიმდინარე ევროპირველობაზე ყველა კონკურენტს აჯობა და ოქროს მედალს დაეუფლა. 23 წლის ქართველმა ძალოსანმა 62 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორჭიდის ჯამში 299 კილოგრამი მოაგროვა და მეორე ადგილზე გასულ ბულგარელ სტილიან გროზდევს 6 კილოგრამით გაუსწრო, ბრინჯაოს პრიზიორს კი, რუმინელ იონუტ ილიეს, - 16 კილოგრამით.

ორჭიდის ოქროს გარდა შოთა მიშველიძემ რუმინეთში კიდევ ორი მედალი მოიპოვა: პირველ მოძრაობაში – ატაცში - ვერცხლს დასჯერდა, ხოლო აკვრაში ოქრო არავის დაუთმო.

62 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში რამინ შამილიშვილიც ჩაება და მე-5 ადგილი დაიკავა.

ევროპირველობაზე ორი დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – შოთა მიშველიძის ორი ოქრო და ერთი ვერცხლი და გოდერძი ბერდელიძის ბრინჯაო.

ჩემპიონატი 1 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს სახელით შტანგას კიდევ შვიდი ძალოსანი ასწევს: გოგა ჩხეიძე (69 კგ), რევაზ დავითაძე (85 კგ), დავით ხეცურიანი (105 კგ), ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე (ორივე +105 კგ), თათია ლორთქიფანიძე (69 კგ) და ანასტასია გოტფრიდი (90 კგ).

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG