Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი


ჟან ასელბორნი
ჟან ასელბორნი

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან ასელბორნი. 28 მარტს, თბილისში გაიმართა ჟან ასელბორნის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა და მათი ერთობლივი პრესკონფერენცია. მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ რთულ მდგომარეობაზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკის შედეგია. „აუცილებელია, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ. მსგავსი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების საჭიროებას და საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღება საჭიროა იმ ნაბიჯებისადმი, რომელსაც რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით ახორციელებს“ - განაცხადა პრესკონფერენციაზე მიხეილ ჯანელიძემ. მისი თქმით, რუსეთმა სრულად და დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საქართველოს და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის და არსებული გამოწვევების შესახებაც. ჟან ასელბორნის განცხადებით, სავიზო ლიბერალიზაცია არ უნდა იყოს გამოყენებული თავშესაფრის მისაღებად და საქართველოს ხელისუფლებამაც ხალხს უნდა აუხსნას, რომ თუ პროცესი შორის წავა, ევროკავშირს რეაგირება მოუწევს. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უვიზო რეჟიმის მოქმედების განმავლობაში წარმოქმნილ გამოწვევებზე - თავშესაფრის მაძიებელთა ზრდასა და საქართველოს მოქალაქეთა კრიმინალურ ქმედებებზე ხელისუფლებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა, დაიწყო ახალი საინფორმაციო კამპანია, შეცვალა საკანონმდებლო წესები და კრიმინალთან საბრძოლველად თანამშრომლობა გააძლიერა ევროპელ პარტნიორებთან. „დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპული ქვეყნების მხრიდან ძალიან მალე კითხვები მოიხსნება და ვიზალიბერალიზაციას მომავალში არანაირი პრობლემა არ შეექმნება“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG